არჩევნები 2012

PACE საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

12 სექტემბერს, საღამოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ (PACE) შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ ჟურნალისტებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ განცხადება გააცნო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამოწმებს. PACE-ე არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მოუწოდებს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ არჩევნების შედეგები, მანამ სანამ ის ჯერ არ ჩატარებულა. განცხადების ერთ-ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ ყველა პარტიამ და სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც საზოგადოებაში ნდობის ფაქტორს შეასუსტებს.
PACE-ეს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი მედიასაშუალებებზე. ამ მხრივ ლუკა ვოლონტე Must carry-ის და Must offer-ის კანონის მიღებას მიესალმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ”დელეგაცია სთხოვს ხელისუფლებას, განიხილოს Must carry-ის და Must offer-ის გახანგრძლივების შესაძლებლობა მანამ, სანამ საარჩევნო პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება”.
პოლიტიკური სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნაზე საუბრისას, PACE-ეს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა, რათა აღმოფხვრას ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების ყველა შესაძლებლობა. 
ვოლონტემ თავი შეიკავა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისგან. მისი თქმით, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა, დელეგაციის განცხადებები, საკუთარი პოლიტიკური არგუმენტების გასამყარებლად გამოიყენოს. 

კომენტარები