რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები დაიწყო

რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში სარაკეტო შენაერთების წვრთნები დაიწყო, რომლის მიზანიც "არასტრატეგიული [ტაქტიკური] ბირთვული იარაღის მომზადება და გამოყენების საკითხების დამუშავებაა".

გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო. უწყების ცნობით, სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის Искандер-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს და Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებენ.

თავდაცვის სამინისტრომ დაგეგმილი წვრთნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 6 მაისს გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გენერალურ შტაბს დაავალა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად სარაკეტო შენაერთების სწავლება ჩაატაროს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაცია და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ წვრთნები იგეგმებოდა "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად".

კომენტარები