მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

დელ ბოსკე: ჩვენთვის თამაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი უკვე წარსულია. გუშინ, ქართველებს სენსაციის მოსახდენად ძალიან ცოტა დააკლდათ, მაგრამ ის რაც გააკეთეს, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანისაგან საქებარი სიტყვები დაემსახურებინათ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ფრე მისი გუნდისთვის დაუშვებელი იყო. რა თქმა უნდა, ესპანელები 2008 წლის შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერს იგებენ. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ფიფას მსოფლიო რეიტინგში 86-ე ადგილას მყოფმა საქართველოს ნაკრებმა, იმავე ცხრილის პირველ ადგილოსანს უმასპინძლა და ოდნავ მეტი იღბალიც რომ ჰქონოდა, ქულებსაც დააკარგვინებდა. 

დელ ბოსკემ შეხვედრის წინა დღესაც განაცხადა, რომ იოლ გამარჯვებას არ ელოდა, მაგრამ გუშინ, მაინც გაკვირვებული ჩანდა - ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდიო. გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ქეცბაიას ნაკრების შეტევის ხაზს აკრიტიკებენ, აქაოდა, დაცვა კარგია, მაგრამ წინ ვერაფერს ვშვრებოდითო . ესპანელთა დამრიგებელმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ გააოცა მასპინძელთა გუნდის ფლანგის მოთამაშეების სისწრაფემ. ამასვე აღნიშნავენ ესპანური გამოცემები. დელ ბოსკემ ქართველთაგან თარგამაძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე გამოარჩია. ვინმეს თუ ჰქონდა ილუზია, რომ ხშირად და ადვილად შევუტევდით მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე დაცვასთან ერთად, შემტევი ფეხბურთელებიც გამოარჩია, ბევრის მთქმელია. ცნობილი ესპანური გამოცემის მარკას ჟურნალისტმა, თარგამაძეს სისწრაფესთან ერთად გამბედავობაც შეუქო.საქართველოს ნაკრებმა თამაში კონტრშეტევებზე ამჯობინა, რაც ალბათ ერთადერთი გამოსავალი იყო. მასპინძლებმა საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. მეტოქე დიდი ენთუზიზმით თამაშობდა და ხელს გვიშლიდა ცენტრიდან თუ ფლანგებიდან კარისკენ წინსვლაში. ამ მხრივ ჩვენთვის თამაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა - განაცხადა დელ ბოსკემ.  როგორც ხედავთ, დელ ბოსკემ ქეცბაიას გუნდს, დაცვითი თამაშიც შეუქო.

ცალკე აბზაცი დაუთმო მარკამ გიორგი ლორიას. საქართველოს ნაკრების პირველმა ნომერმა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ეს არც ესპანელებს გამორჩენიათ. ჩავის, რამოსისა და სოლდადოს სახიფათო დარტყმების მოგერიების გარდა, ლორია არც გამოსვლებისას ცდებოდა. მარკას ჟურნალისტმა ისიც კი დაწერა, ესპანელებს გაუმართლათ, ლორიამ ტრავმა,რომ მიიღო და მის ნაცვლად კვასხვაძე გამოვიდაო. ესპანელები ამისულაშვილის 52-ე წუთზე დარტყმულს, რომელიც ძელს მოხვდა, შეშფოთებით იხსენებენ,ამ დროს ისინი გადარჩნენ.

ესპანური გაზეთი ასი წერს, რომ ქართველების მიერ არჩეული უკიდურესად დაცვითი ტაქტიკა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთათვის რთული დასაძლევი აღმოჩნდა. ელ პაისის ჟურნალისტმა, სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზეც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში არც ცუდი მინდორი ყოფილა, როგორც ბევრს ეგონა და არც სუსტი ნაკრები. 

განსხვავბული პოზიცია დააფიქსირა მატჩის შემდგომ სერხიო რამოსმა. წინასწარ არ ვიცოდით, საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა. მათ დაცვის ხაზი გაამაგრეს და ძალიან ხისტი თამაში დაგვიპირისპირეს. ამან თამაში ძალიან გაგვირთულა. ამასთან, მოედნის ხარისხმა არ მოგვცა საშუალება, ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი გვეჩვენებინა. სიმართლე გითხრათ, მეტოქემ გამაოცა. რამოსი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მოედნის საფარი დაიწუნა, თუმცა გასაკვირი არ არის - იგი მატჩის განმავლობაშიც გაცხარებული ჩანდა და ფეარ პლეის პრინციპების არდაცვას რომ თავი დავანებოთ, ქართველ ფეხბურთელებთან კონფლიქტსაც არ ერიდეოდა.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, თემურ ქეცბაია, პრესკონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა. მან მადლობა გაუხადა გულშემატკივარს, რომელიც 96 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და გოლის გაშვების შემდეგ იქნებოდა ეს თუ მანამდე, მხურვალედ გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს. რაც მთავარია, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, იბრძოლეს და თავდადება გამოავლინეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მატჩი სხვა ანგარიშით დასრულდებოდა - განაცხადა ქეცბაიამ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ქართველთა ასეთმა ღირსეულმა თამაშმა, გულშემატკივარს მომავლის იმედი ჩაუსახა. ნაკრების თავკაცმა კი, ეს იმედი პრესკონფერენციაზე გაამყარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მიდგომიდან გამომდინარე, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და არაერთ გამარჯვებას მოუტანს.

გუშინ I ჯგუფში, სადაც ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების გარდა ფინეთის, საფრანგეთისა და ბელარუსის გუნდები იმყოფებიან, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. 3:1 - ასეთი ანგარიშით დაამარცხა დიდიე დეშამის გუნდმა ბელარუსის ნაკრები. შეგახსენებთ,რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს, საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ჰელსინკიში, ფინეთს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 16 ოქტომბერს კი ბელარუსში, ქართველი ფეხბურთელები ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები