საქართველო-აშშ

რასმუსენი: თუ 2008 წლის კონფლიქტის მიზანი ნატოს გაფართოებაში ჩარევა იყო, ეს გეგმა ჩავარდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ცნობილ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რომ არა 2008 წელს რუსეთის ჩარევა, ნატო ახლა აღმოსავლეთით გაფართოებული იქნებოდა, კომენტარი გააკეთა.

"თუ 2008 წლის კონფლიქტის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ განხორციელებულიყო ჩარევა ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ალიანსის გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს გეგმა ჩავარდა". - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ნატოს გადაწყვეტილებებში. რასმუსენის განცხადებით, თითოეულმა დამოუკიდებელმა ერმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მოკავშირეობის შესახებ ნატოსთან. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი პატივს სცემს ალიანსის პრინციპს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაზე აგრეთვე, ისაუბრა საქართველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ. რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის.

"ნატოს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით. საქართველო დგას რეფორმების გზაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამან ნატოსთან დაგაახლოვათ და ეს გზა მიგიყვანთ ნატოს წევრობამდე.” - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატოს გენერალური მდივანი თბილისში დაგეგმილი ამბასადორიალის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები