ნაციონალური მოძრაობა

ხათუნა ოჩიაური ბიძინა ივანიშვილს პედაგოგების შეურაცხოფაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხათუნა ოჩიაურმა, დღევანდელ ბრიფინგზე, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი პედაგოგებზე ,,თავდასხმაში'' დაადანაშაულა.

ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პედაგოგებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს და დასჯით ემუქრება.

,,ბიძინა ივანიშვილი მათ დასჯით და დაპატიმრებით ემუქრება, აცხადებს, რომ მათი უმეტესობა უმაღლესი განათლების არმქონეა და 300 ლარად იყიდებიან. ჩვენთვის ასეთი თავდასხმები მიუღებელია, რადგან პედაგოგები ქართული საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია და მათზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. გაგრძელდება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები. დღეის მდგომარეობით დაზღვეულია ყველა პედაგოგი. წარმატებით ხორციელდება პედაგოგთა სერთიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც გაიზარდა და კიდევ გაიზრდება მათი ხელფასები. რემონტდება სკოლები, რათა პედაგოგებს უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნათ, რადგან მათ მომავალი თაობის აღზრდას ვანდობთ."-განაცხადა ხათუნა ოჩიაურმა. 

კომენტარები