სომხეთი - აზერბაიჯანი

ალიევმა სომეხი ოფიცრის მკვლელი შეიწყალა

31 აგვისტოს, უნგრეთმა აზერბაიჯანს გადასცა აზერბაიჯანის მოქალაქე, ოფიცერი რამილ საფაროვი, რომელიც ბუდაპეშტში  სომეხი კოლეგას მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა იხდიდა. საინფორმაციო პორტალი Лента.Ру, აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო APA–ზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფაროვი სასჯელის მოხდისგან გაანთავისუფლა, მოაწერა რა ხელი მის შეწყალებას.
APA–სთან ინტერვიუში საფაროვი პრეზიდენტის შეწყალებას „სამართლიანობის ტრიუმფად“ აფასებს. 2004 წლის 19 თებერვალს, საფაროვმა ნაჯახით მოკლა მძინარე კოლეგა გურგენ მარგარიანი. ორივე ოფიცერი ბუდაპეშტში NATO–ს „მშვიდობისა და პარტნიორობის“ პროგრამის სასწავლო კურსს გადიოდნენ. სასამართლოზე საფაროვმა განაცხადა, რომ მარგარიანმა აზერბაიჯანის  სახელმწიფო დროშა შეურაცხყო, ასევე უცენზუროდ მოიხსენია რესპუბლიკის  შეიარაღებული ძალები. 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 13 აპრილს გამოიტანა განაჩენი. საფაროვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა საფაროვის სახლში დაბრუნებას. 
თავის მხრივ, სომხური მხარე გამორიცხავდა აზერბაიჯანისთვის ოფიცრის გადაცემის შესაძლებლობას. ექსტრადიციის გადაწყვეტილების კომენტირებისას, სომეხი ანალიტიკოსები ბუდაპეშტს  კორუფციაში ადანაშაულებენ. სომხურმა საინფორმაციო სააგენტოებმა დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი უნგრეთის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენას გეგმავს, რომლის ღირებულება 2–3 მილიარდ ევროს შეადგენს. 
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა ოფიციალურად გამოაცხადა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მისი თქმით, უნგრეთმა  „პრაქტიკულად გაამართლა ეთნიკურ ნიადაგზე მკვლელობა“.

კომენტარები