სომხეთი - აზერბაიჯანი

სომხეთი: აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო ნაწილზე იერიში მიიტანა

massispost.com

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ვარდენისის მახლობლად მყოფ სამხედრო ნაწილზე. ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა Facebook-ზე გაავრცელა.

სტეპანიანის თანახმად, თავდასხმას წინ უძღოდა დეზინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ მიმდინარეობდა საარტირელიო სროლა სომხეთის ტერიტორიიდან.

"ფაქტობრივად, ასე ცდილობს მოწინააღმდეგე შეამზადოს საფუძველი თავისი ქმედებების გასამართლებლად". – წერს შუშან სტეპანიანი.

აქამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი აპირებდა სამხედრო მოქმედებებისა და გეოგრაფიული არეალის გაზრდას და უშუალოდ სომხეთის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდა.

კომენტარები