ფეხბურთი

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთის ქალაქ პლოცკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა. გიორგი დევდარიანის გუნდმა სირენსკას თასის გათამაშების ნახევარფინალში ნორვეგია პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრის ცნობით, თამაში დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი იყო. ნორვეგიელებს მე-17 წუთზე გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს - მეკარე ოთო გოშაძემ ბურთი მოიგერია.

ძირითადი დროის დასრულებისთანავე (თითო ტაიმი ამ ასაკში 40 წუთს გრძელდება) პენალტების სერია დაინიშნა. ცოტნე მესხმა, ლუკა ზარანდიამ, ზურა მალანიამ და გიორგი თევზაძემ ზუსტად შეასრულეს თერთმეტმეტრიანები, გოშაძემ კი ორი დარტყმა მოიგერია და საქართველოც ფინალში გავიდა.

ქართველი 17-წლამდელები თასისთვის ხვალ, 31 აგვისტოს ითამაშებენ: პლოცკის ვისლას სტადიონზე დანიას დაუპირისპირდებიან. დანიამ ნახევარფინალში უკრაინა 4:0 დაამარცხა. ფინალი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

29 აგვისტო, 2012. საერთაშორისო ტურნირი - სირენსკას თასი. პოლონეთი, პლოცკი, დრობინი. 300

ნორვეგია 0:0 (პენ 4:2) საქართველო

საქართველო: ოთო გოშაძე (კაპ), ზურა გელაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე, აკაკი შულაია, გიორგი ხარაიშვილი (ზურა მალანია 58), ზურა ჯაფიაშვილი (გიორგი თევზაძე 26), გიორგი ხორხელი, გიორგი ბერიძე (ცოტნე მესხი 53), თენგო გოროზია (ლუკა ზარანდია 31), რევაზ ბარამიძე (ილია კერძევაძე 29)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: გაგი მარგველაშვილი, გიორგი ხორხელი, ზურა გელაშვილი

 

კომენტარები