სირია

ბაშარ ასადი: მთავრობას ამბოხებულებთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის დრო სჭირდება

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, სამთავრებო სამხედრო ძალებს დრო სჭირდებათ, რათა ამბოხებულებთან ბრძოლაში გაიმარჯვონ. ქვეყნის პირველმა პირმა სამთავრობო ტელეარხ al-Dunya-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ბრძოლაში წარმატებას უკვე მიაღწია.

ბაშარ ასადმა აგრეთვე უარყო ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნის შესაძლებლობა იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც სირიიდან გაიქცნენ. მისი თქმით, ეს იდეა სირიისადმი ”მტრულად განწყობილი” ძალების მიერაა ჩამოყალიბებული. აღნიშნული ინიციატივით თურქეთი და საფრანგეთი გამოვიდნენ. 

გაეროს მონაცემებით, სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის არსებული კონფლიქტის გამო სირიიდან დაახლოებით 200 ათასი ადამიანი თურქეთში გაიქცა.

გავრცელებული ცნობით, ქალაქ ალეპოსთან დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება. დამასკოს გარეუბანში გუშინ მომხდარ აფეთქებას კი 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში ქვეყნის მთვრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად სირიაში ცხრა ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები