დაღესტანი

დაღესტანში შეიხი საიდ აფანდი მოკლეს

აგვისტოს დაღესტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა 74 წლის შეიხი საიდ აფანდი მოკლა. საიდ აფანდი დაღესტნის მოქმედი სულიერი ლიდერი იყო. მასთან ერთად შვიდი ადამიანია მოკლული, მათ შორის 12 წლის ბავშვი. სოფელ ჩირკეიში, სადაც შეიხზე თავდასხმა მოხდა, საიდ აფანდი ათასობით მიმდევარი შეიკრიბა, რათა თავისი მწუხარება გამოეთქვათ მომხდართან დაკავშირებით. დაკრძალვას კი სხვადასხვა ინფორმაციით, 80-დან 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც გამოცემა Коммерсант-ი ავრცელებს, ტერაქტი მიზნად ისახავდა  ისლამის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შერიგების პროცესის ჩაშლას. შერიგების პროცესის აქტიური მომხრე სწორედ შეიხი საიდ აფანდი იყო.
ნაშხაბადისა და შაზალიის ტერიკატების ყველაზე გავლენიანი სულიერი ლიდერი, შეიხი საიდ აფანდი სუფისტური ისლამის  წარმომადგენელი იყო (დაღესტანში სუფისტურ ისლამს სხვაგვარად "ტრადიციულ" ისლამსაც უწოდებენ. რესპუბლიკაში ასევე გავრცელებულია  სალაფიზმი - იგივე ვაჰაბიზმი). მისგან რჩევა-დარიგებებს არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ რესპუბლიკის გავლენიანი პოლიტიკოსებიც იღებდნენ. ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ადამიანის მკვლელობამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს და ისედაც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფ რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის ახალ წყაროდ იქცეს.  
აღსანიშნავია, რომ შეიხზე თავდასხმა ადრეს იგეგმებოდა. 2007 წელს სამართალდამცავებმა ტერაქტის მცდელობის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს. მას შედეგად, შეიხის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.
გასულ ღამეს, დაღესტანში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მაგომედსაიდ მაგომედოვმა მომხდარს დაღესტნელ მუსულმანთა ტრაგედია უწოდა. მან სამართალდამცველებს ტერაქტის შემსრულებელთა და ორგანიზატორთა დაუყოვნებელი გამოვლენა მოსთხოვა. მანვე მოუწოდა დაღესტნელებს აღასრულონ თავისი სამოქალაქო ვალი და სამართალდამცველებს ტერორისტების გამოვლენაში დაეხმარონ.
ამასთან, მაგომედოვმა შეიარაღებული რაზმების ფორმირების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ახალგაზრდებით დაკომპლექტებული თავდაცვითი შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც სამართალდამცავი სტრუქტურები გაუწევენ კურირებას და ბანდიტების დასჯაზე იქნებიან ორიენტირებულები.

კომენტარები