ერთიანი ეროვნული გამოცდები

24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად 24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. მინისტრის განცხადებით, წელს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 71 პროცენტი სტუდენტი გახდა, რაც შარშანდელ მონაცემებს 5.3%-ით აღემატება.

”წელს 35.361 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 34.431 გამოცხადდა. დაგვიანების გამო გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაუშვეს. პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა. სააპელაციო განაცხადი 1480 აბიტურიენტმა შემოიტანა, აქედან 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების და პრობლემების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უკვე დაასრულა ახალ, 8+1 სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც მომავალი  წლიდან ამოქმედდება.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. გამოცდაზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაიარეს. მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და 7-ის ნაცვლად აბიტურიენტებს თავიდანვე 20 სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ. წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები  დააწესეს.

 

კომენტარები