ოკუპირებული ტერიტორიები

ვოლებეკი თიბილოვს პასუხს სთხოვს

ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს სთხოვს განმარტოს, რა კონკრეტული მიზნები აქვს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ქართულ სოფლებთან დაკავშირებით.  ვოლებეკი თიბილოვის იმ გამოსვლას გამოეხმაურა, რომელშიც მან განაცხადა, რომ ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლების დანგრევა და მათ ადგილზე  სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტების აშენება იგეგმება.

„ამ ტერიტორიებზე დასახლებული ადგილები აღარ იარსებებს“, - განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ  უკვე ნანგრევებად ქცეულ ტერიტორიებს უახლოეს მომავალში იურიდიულად გააფორმებენ იმისთვის, რომ ზედმეტი კითხვები არ წარმოიშვას. 

გაზეთ იზვესტიას ინფორმაციით, ნანგრევებად ქცევა სულ 8 სოფელს, მათ შორის, თამარაშენს, აჩაბეთს, ქურთასა და კეხვის ემუქრება.

ვოლებეკი თხოვნით მიმართავს ცხინვალის რეჟიმს, პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებას და შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობები. „განცხადება ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრულად დანგრევის განზრახვაზე ამ ძალიან არამდგრად რაიონში, პროვოკაციულია და თუ ის შესრულდება, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან. გარდა ამისა, ეს პოტენციური დანაშაული ხელს შეუშლის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში“, - აცხადებს ვოლებეკი.

კნუტ ვოლებეკი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, იქ არსებულ ვითარებას გაეცნობა და შექმნილ მდგომარეობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებთან განიხილავს. 

კომენტარები