მაესტრო

ტაბულას რედაქტორი მაესტროს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის

ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია მაესტროს თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანას გეგმავს. 

საჩივარი ეხება გადაცემა “არგუმენტების” ანონსს, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადაიცემა მაესტროს ეთერში და დამახინჯებულად წარმოაჩენს თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმულ აზრს ამავე გადაცემაში, რომელიც 2012 წლის 2 აპრილს გავიდა პირდაპირ ეთერში. 

ტაბულას რედაქტორი “არგუმენტებში” აკრიტიკებს ირაკლი ალასანიას, რომელმაც, გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობა გამოუცხადა, იმ მოტივით, რომ მოსახლეობა შეშინებულია და კვლევით ორგანიზაციებს სიმართლეს უმალავს. 

“როდესაც შენ დგახარ და ტელევიზორიდან ხალხს ეუბნები, რომ მე იმიტომ ვერ ვიგებ შენს აზრს, რომ შენ ხარ შეშინებული - მე ვარ უშიში ვითარცა უხორცო, მე ვარ “კაი ტიპი”, მე არაფრის მეშინია, თქვენ კი ყველანი მხდლები ხართ… ამას იძახი. რატომ უნდა მომინდეს, ისეთ ადამიანს, რომელიც მე მშიშარად მთვლის და თავის თავს უპირატესად მიიჩნევს ხმა მივცე?” - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

გადაცემის ავტორებმა, ანონსისთვის ამოჭრეს მხოლოდ ერთი ფრაზა “მე ვარ კაი ტიპი, მე არაფრის მეშინია, თქვენ ყველანი მხდლები ხართ” - თითქოს თამარ ჩერგოლეიშვილი აყენებს მოსახლეობას იმ შეურაცხყოფას, რის გამოც ის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს აკრიტიკებს. 

ტაბულას რედაქტორი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით ტელეკომპანია მაესტრო შეგნებულად აყენებს მის რეპუტაციას ზიანს და უხეშად არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, რომლის მე-14 მუხლის, მე-9 პუნქტი ნათლად უთითებს რომ: 

“9. ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით, ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით”

კომენტარები