აგვისტოს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გამოსცა ბრძანება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს წინასწარ გადაიხადონ თანხა წინასაარჩევო რეკლამის შესაძენად. ბრძანება 12 აგვისტოდან შევა ძალაში.
ბრძანების თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის ღირებულება წინასწარ გადაიხადოს. რეგულაცია, საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებს და გაზეთებს ავალდებულებს, რომ ასეთი ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორებიდან არა უგვიანეს 24 საათისა მიაწოდონ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სპეციალურ განცხადებაში განმარტა, რომ „აღნიშნული განპირობებულია მაღალი საჯარო ინტერესით, მოხდეს ყველა მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტების თანაბარ და არადისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამ პროცესში ფინანსური რესურსების გამჭვირვალედ გამოყენება“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ დადგენილი რეგულაციები, ერთის მხრივ, არ აფერხებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის კანონით უზრუნველყოფილ უფლებას შეუფერხებლად აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია. მეორეს მხრივ, აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების განკარგვის ეფექტურ მონიტორინგს და ამ გზით ახდენს საარჩევნო სუბიექტების ან მაუწყებლების მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის რისკების მინიმიზაციას.





