არჩევნები 2012

აუდიტის სამსახური კალაძეს და ივანიშვილს ანგარიშებიდან გატანილი თანხების დაბრუნებისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ, კუთვნილი ანგარიშებიდან დანიშნულების მითითების გარეშე ნაღდი ფულის გატანაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ  2012 წლის განმავლობაში საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს: ბიძინა ივანიშვილმა  5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.
"პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე" - აღნიშნულია განცხადებაში.
აუდიტის სამსახურს უკვე გამოეხმაურა კოალიცია ქართული ოცენბის ადვოკატი სანდრო ბარამიძე. „არ ვიცი კანონი, რომელიც პირს საკუთარი ფულის ანგარიშიდან მოხსნას უკრძალავს. ასეთი აკრძალვა არ არსებობს. ამასთან, ვერ გამოვიყენებთ ვერავითარ სამართლებრივ გზას იმისათვის, რომ კონტროლის პალატის ეს უკანონო მოთხოვნა სხვა უკანონობაში არ გადაიზარდოს“, - მედიასთან საუბარში განაცხადა სანდრო ბარამიძემ. 

კომენტარები