კენია

კენიელი პარლამენტარები ახალ სავარძლებში მოკალათდებიან

კენიის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ პარლამენტის განახლებული შენობა გახსნა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ვერ ასცდა კრიტიკას პარლამენტარებისთვის დამონტაჟებული სკამების გამო.

თითოეული მოხერხებული და კომფორტული სავარძელი 3,000 ამერიკული დოლარის ღირებულებისაა, ჯამში კი 350 პარლამენტარის სავარძლებზე მილიონზე მეტი დაიხარჯა. გავრცელებული ინფორმაციით, კენიელი პარლამენტარები მთელს ერთა თანამეგობრობაში (ბრიტანეთისა და მისი ყოფილი კოლონიების კავშირი) ყველაზე ძვირადღირებულ სკამებზე ისხდებიან. ამ ფაქტს უსიხარულოდ შეხვდა ერთ-ერთი პარლამენტარი ჯონ მბადი. მისი აზრით, პარლამენტარი არ უნდა იჯდეს სკამზე, რომლის ღირებულება პატარა ზომის სახლს აღემატება.

თავდაპირველად სავარძლების წარმოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. თუმცა უცხოეთში მათი დამზადება ძვირი აღმოჩნდა - თითოეულის ფასი 5,000 დოლარი იქნებოდა. საბოლოოდ, სავარძლები კენიაშივე დაამზადა ქვეყნის საპყრობილეთა დეპარტამენტმა.  კენიის საპატიმროებში ინდუსტრიული საქმიანობის ზედამხედველ დევიდ ლანგატის განმარტებით, სავარძლების დასამზადებლად გამოყენებული მთელი მასალა ადგილობრივი წარმოებისაა.

თითოეული სავარძელი 50 კილოგრამს იწონის, ცეცხლგამძლეა და 30-წლიანი გარანტია აქვს. ამ მომენტისთვის კენიას 220 პარლამენტარი ჰყავს, მაგრამ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად 2013 წლის მარტში კენიელები 350 წარმომადგენელს აირჩევენ.

კენიელ პარლამენტარებს აქამეც აკრიტიკებდნენ მაღალი ხელფასების გამო. აფრიკელ პარლამენტარებს შორის კენიელი კანონმდებლების ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

სავარძლები კენიის პარლამენტში ერთადერთი სიახლე არაა. პარლამენტი ხმის მიცემის ციფრულ სისტემაზე გადავიდა. კანონმდებლები ამიერიდან კანონპროექტს კენჭს ელექტრონულად უყრიან. პარლამენტის სპიკერმა კენეთ მარენდემ განაცხადა, რომ ეს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს თავი აარიდონ პოლიტიკური პარტიების ლიდერების გავლენას და პოზიცია დამოუკიდებლად, უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერით გამოხატონ.

კენიის პარლამენტის რენოვაცია 2010 წელს დაიწყო და საბოლოოდ 12 მილიონი დოლარი მოითხოვა. 

კომენტარები