არჩევნები აშშ-ში

რესპუბლიკელების „მილოცვები“ ობამას

ამერიკელმა რესპუბლიკელებმა ბარაკ ობამას დაბადების დღე სახუმარო გზავნილებით მიულოცეს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა სპეციალური ვებ-გვერდიც შექმნა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის მისამართით სახუმარო მისალოცი ბარათები გამოქვეყნდა.

ერთ-ერთ მათგანზე წელსზემოთ შიშველი ვლადიმირ პუტინია გამოსახული და ახლავს წარწერა: „არჩევნების შემდეგ ჩემთვის მოქნილი იქნები. მე შენი დაბადების დღისთვის მოქნილი ვარ“. ამით რესპუბლიკელებმა ობამას კიდევ ერთხელ გახმაურებული „მიკროფონების სკანდალი“ შეახსენეს, როდესაც პრესის წარმომადგენლებმა შემთხვევით ობამასა და მისი რუსი კოლეგის დმიტრი მედვედევის საუბარი გაიგონეს - აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთს პირდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემურ საკითხებში „უფრო მოქნილი“ იქნებოდა.

რესპუბლიკელებმა ობამას მის მიერ ცოტა ხნის წინ წარმოთქმული სკანდალური სიტყვაც გაახსენეს, რომლის დროსაც ობამამ ამომრჩედვლებს განუცხადა: “თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, ის თქვენი შექმნილი არ არის“. რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა დემოკრატების შტაბ ბინაში ტორტი გაგზავნა, რომელზეც ობამაა გამოისახული და დატანილი აქვს წარწერა: „ეს თქვენი გამომცხვარი არ არის“.

ბარაკ ობამამ 4 აგვისტოს 51-ე დაბადების დღე კემპ-დევიდის რეზიდენტიაში, ვიწრო წრეში აღნიშნა.

 

კომენტარები