არჩევნები 2012

ბაჩუკი ქარდავა: ქართული ოცნება რუსული აგრესიისთვის საბაბს ამზადებს

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფრთხეს ხედავს და მიაჩნია, რომ ამის საფუძველს ქართული ოცნება ქმნის.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსი სამხედროების კონცენტრირება ხდება და, ასევე შავ ზღვაში სადესანტო გემებია შეყვანილი.

"ისინი (ქართული ოცნება) აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოში შემოიჭრან", – განაცხადა ედპ-ს ლიდერმა. ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, ქართული ოცნების კოორდინატორები და აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამბობენ, რომ თუ არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა, ქუჩაში გავლენ და ხელისუფლების მხრიდან მათი დარბევის მცდელობისას გვერდით რუსული ჯარი დაუდგება.

კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბაჩუკი ქარდავას განცხადებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს.

"იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც იგივეს ფიქრობს. თუ ეს ასე არ მოხდა, ქუჩაში გამოსვლა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და შეიძლება ეს უფლებაც გამოვიყენოთ, ამაზე ორი თვით ადრე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მისი თქმით, დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, ფილიპ დიმიტროვსაც შეხვდება და მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს გადასცემს.

 

კომენტარები