საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან ერთად ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის, იგივე აგიტაციის პერიოდი, რომლის დროსაც ძალაში შედის საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი.
წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს აქვს უფლება გაავრცელოს წინასაარჩევნო კამპანიის მასალა (მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები). ამ პროცესისთვის ხელის შეშლა კანონით ისჯება.
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, მოსამართლისა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საჯარო მოხელეების, გენერალური აუდიტორისა, სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა. კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ მოსახლეობის შეხვედრას საარჩევნო სუბიექტებთან.
ამასთან ერთად, ძალაში შედის ე.წ. Must Carry/Must Offer წესები, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირს ავალდებულებს, პაკეტში განათავსოს ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს ავტორიზებული პირის მომსახურების ზონაში, აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანია მაესტრო, კავკასია და მეცხრე არხი საკაბელო ტელევიზიით იქნება ხელმისაწვდომი აგიტაციის პერიოდის დამთავრდებამდე, ანუ არჩევნების დღემდე.
მედია ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამას განათავსებენ საარჩევნო აგიტაციის პერიოდში ვალდებულები არიან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აცნობონ ზუსტი თარიღითა და დროით ამ რეკლამის შესახებ. ამასთან ერთად, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა დაეთმოს დღიური მაუწყებლობის 15%-ზე მეტი.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 1 აგვისტოს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. კონსტიტუციის თანახმად საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ტარდება, თუმცა ზუსტ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ადგენს და თარიღამდე 60 დღით ადრე აცხადებს.




