მაესტრო

საია: მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონო იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია მაესტროს ანტენების დაყადაღება "საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლის" გარეშე მოხდა და შესაბამისად უკანონოა. ორგანიზაციამ თავისი სამართლებრივი ანალიზი საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური ანტენები 20 ივლისს სასამართლომ დააყადაღა. მიზეზად ანტენების თვალთმაქცურად შემოტანა და მისი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნიდ თითქმის უსასყიდლოდ დარიგება დასახელდა. პროკურატურის ბრალდებით, მაესტრო კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა. იმავე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულ იქნა შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სატელიტური ანტენები.

საიას თქმით, სასამართლოს 13 ივნისის განჩინებაში ყადაღის საფუძვლად 151-ე მუხლის მე-3 ნაწილია მითითებული, რომლის მიხედვითაც "სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტისთ მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული". საია ასკვნის, რომ ამ მუხლით მაესტროს ანტენების დაყადაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის კორუფციული გარიგებით იქნებოდა მოპოვებული. საიას ექსპერტები იქვე განმარტავენ, რომ კორუფციული დანაშაული განმარტებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ზოგის ინტერპრეტაციით, ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციულ დანაშაულს მიეკუთვნება, რაც საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არის ანტენების დაყადაღებისთვის. 

საია იქვე წერს, რომ მაესტროს არ მიეცა საშუალება გაცნობოდა საქმის მასალებს, რადგან  სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მაესტროს და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ.

საია დაკსვნით ნაწილში პროკურატურის მტკიცებულებებს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი მაესტროსა და ელიტა ბურჯს შორის თვალთმაქცური გარიგებაა. საია არაფერს წერს იმაზე, უკავშირდება თუ არა ეს კორუფციულ გარიგებას, რა შემთხვევაშიც პროკურატურას სამართლებრივი საფუძველი ექნებოდა მაესტროს ანტენების დაყადაღების. ამ საკითხზე საიას კომენტარი იმით შემოიფარგლება, რომ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც ვარაუდი თვალთმაქცური გარიგების შესახებ უსაფუძვლოა. 

პროკურატურის მტკიცებულებაზე, რომ განბაჟების პროცესი შპს ელიტა ბურჯის წარმომადგენლებმა აწარმოეს და არა მაესტროს წარმომადგენლებმა, რაც პროკურატურის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს თვალთმაქცურ გარიგებას მაესტროსა და ელიტა ბურჯს შორის, საია აცხადებს, რომ ეს გარემოება "სამართლებრივი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება".

კომენტარები