ქართული ოცნება

ქართული ოცნება პარტიების ქცევის კოდექსში დამატებითი პუნქტების შეტანას განიხილავს

კოალიცია ქართული ოცნებისთვის მისაღებია კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ შემოთავაზებული წინადადებები პარტიების ქცევის წესებთან დაკავშირებით  - განცხადება ამის თაობაზე 23 ივნისს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია  მზადაა, განიხილოს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით: „ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტის და  უმცირესობების თუ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არ გამოყენების ვალდებულება“.

შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ტექსტის საკუთარი ვერსია 14 ივლისს წარმოადგინა. კამპანია "ეს შენ გეხებამ" კი ორი დღის შემდეგ. მოგვიანებით მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ საკუთარ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად "ეს შენ გეხებას" მიერ შემოთავაზებულ წესებსაც დაამატებდა.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს ხელმომწერი პარტიების მხრიდან ვალდებულების აღებას „ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“. 

„ვთვლით, რომ მმართველი პარტიის ბოლო დროინდელი ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის, აღნიშნული დოკუმენტის რაიმე სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას“ - ნათქვამია ქართული ოცნების 23 ივლისის განცხადებაში.

 

კომენტარები