სტიქია

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი 50 მილიონი ლარით განისაზღვრება

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი სპეციალური ფონდი 50 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამის შესახებ განცხადება, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ გააკეთა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ფონდში გათვალისწინებული 50 მილიონი ლარი გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება. მისივე თქმით,  გამსხვილდება კახეთის განვითარების პროგრამაც, რომელიც 110 მილიონი ლარით დაფინანსდება და აქედან 20 მილიონი ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

დიმიტრი გვინდაძემ ასევე აღნიშნა, რომ  კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის დახმარება 2 მილიონი ლარით იზრდება, ამასთანავე მთავრობის სარეზერვო ფონდში რჩება 17 მილიონი ლარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს მოხმარდება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პერემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მინისტრთა კაბინეტს საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ სანამ არ დავასრულებთ ყველა იმ ამოცანას, რასაც ვპირდებით ჩვენს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და დაზარალებულ ოჯახებს, მანამდე ჩვენ მოგვიწევს მსგავს რეჟიმში მუშაობა. მოვუწოდებ ყველა მინისტრს, რომ დაწყებული საქმე გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს. ჩვენ ახლა სწრაფად გვჭირდება ბიუჯეტში ცვლილებები, რათა ეს ღონისძიებები დავაფინანსოთ." -აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარები