მთიანი ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პირველმა პირმა გაიმარჯვა

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 19 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, სააკიანმა ხმების 66%-ზე მეტი მიიღო. მისმა მთავარმა მეტოქემ, მთავრობის ყოფილმა წარმომადგენელმა ვიტალი ბალასანიანმა ხმათა 32 პროცენტი მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესობა და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიები მიესალმებიან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა, ვასილ ატაჯანიანმა არჩევნების პროცესის შეფასებისას განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს განსხვავებას ყარაბაღის რესპუბლიკასა და დემოკრატიულ ევროპას შორის.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებში აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მთიანი ყარაბაღის არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ განცხადება გააკეთა აზერბაიჯანულმა მხარემაც.

 

კომენტარები