სტიქია

ვანო მერაბიშვილი: კახეთში დაზიანებული სახლები და გზები ერთ კვირაში აღდგება

პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჩავიდა და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან თათბირი გამართა. პრემიერის განცხადებით, დაზიანებული სახლების სახურავებისა და გზების აღდგენა ერთ კვირაში მოხდება.

თელავში გამართულ საგანგებო თათბირზე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის წინასწარი მონაცემები გააცნო.

პრეზიდენტის განცხადებით, თელავში ქარმა სახურავი 770 სახლს გადახადა, დაზიანებულია წყლის სათავე ნაგებობა, აყრილია ასფალტი და წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. ახმეტაში დაზიანებულია ხიდის ბოძები, სოფლებმა – ოჟიო, აწყური, ზემო ხოდაშენმა სერიოზული ზარალი განიცადეს. მისივე თქმით, ბევრგან მოსავალი განადგურდა.

პრეზიდენტმა მთავრობას სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დაბინავებაზე ზრუნვა დაავალა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ რომელიმე ადამიანი ღამით ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდეს, თითოეულ გამგებელს ეკისრება.

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე  ხეთაგურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით  ელექტროენერგიის სრულად აღდგენას  2-3 დღე დასჭირდება.

სტიქიის შედეგად რაიონების მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის.

 

კომენტარები