საქართველო-იტალია

გიორგი ბარამიძემ იტალიაში შეხვედრები გამართა

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე რომში გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ბოსნია-ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ზლატო ლაგუმჯიასთან.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ბოსნია-ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

მორიგი შეხვედრა გიორგი ბარამიძემ იტალიის მთავრობის სახლში იტალიის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრთან ენცო მოავეროსთან გამართა, ხოლო იტალიის სენატში ვიცე-პრემიერი იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლამბერტო დინის შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. ვიცე პრემიერმა აგრეთვე, ისაუბრა საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სადამკვირვებლო მისიის განხორციელების მნიშვნელობაზე.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხებსაც. გიორგი ბარამიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის საფუძველზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროება. თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

 

კომენტარები