ისრაელი-პალესტინა

ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელ პატიმრებს ახლობლებთან შეხვედრის უფლება მისცეს

ისრაელის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პალესტინელ მსჯავრდებულებს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე პირველად მიეცათ ოჯახის წევრების და ახლობლების ნახვის უფლება. BBC-ის ინფორმაციით, 40 პალესტინელისგან შემდგარმა ჯგუფმა ღაზას სექტორიდან უკვე გადაკვეთა ისრაელის საზღვარი და ციხე რამონისკენ გაემართა.

ისრაელმა შესაბამისი უფლება ჯერ კიდევ მაისში გასცა, პალესტინელი პატიმრების მიერ წამოწყებული მასობრივი შიმშილობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

2007 წელს, ღაზას სექტორში ხელისუფლებაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, ჰამასის მოსვლის შემდეგ, პალესტინელ მსჯავრდებულებს ახლობლებთან შეხვედრა აეკრძალათ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც ამ პროექტს კოორდინირებს, მიესალმა ისრაელის მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების შიმშილობის შეწყვეტის კიდევ ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ისრაელში განხორცილებული სხვადასხვა ტერაქტებისა და ოპერაციებისას დაღუპული პალესტინის მოქალაქეების სხეულის ნაწილების სამშობლოში დაბრუნება. აღნიშნული მოთხოვნა ისრაელის მხარემ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააკმაყოფილა.

 

კომენტარები