უბედური შემთხვევა

თბილისში როუფ ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა

15 ივნისს, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან ხტომის, როუფ ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ხიდიდან ერთად გადახტნენ და თოკის გაწყვეტის შედეგად დაიღუპნენ.

ხიდის სიმაღლე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი.

როუფ ჯამფინგი მსოფლიოში გავრცელებული ექსტრემალური სპორტის სახეობაა. გადახტომის მსურველს სპეციალური სამაგრები უკეთდება და სიმაღლიდან ხტება.

გუშინდელი დღისთვის როუფ ჯამფინგის მოყვარულთათვის სპეციალური ფასდაკლება იყო შეთავაზებული. Extreme Team-ის  მიერ ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ ,,უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე დაცულია.’’

"თოკი, რომლითაც საქართველოში ხტებიან, ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში. ყველა დეტალი და მოწყობილობა შეძენილია ოფიციალური დილერებისგან, რომელთაც 10-წლიანი გამოცდილება აქვთ ამ დარგში. გადმოხტომა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან, ჯანმრთელ ადამიანს (არასრულწლოვანს უნდა ახლდეს სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირი). ვარდნა უსაფრთხოა, უსაფრთხოების ნორმების 100 %–ით უზრუნველყოფაზე ზრუნავენ პროფესიონალი ალპინისტები."-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა როუფ ჯამფინგის ინსტრუქტორები დაკითხეს, მათ შორის როუფ ჯამფინგების ორგანიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძე.
შსს-ს დაკითხვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. არსებული ინფორმაციით დაკითხვის შედეგად არავინ დაუკავებიათ. 

კომენტარები