კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრიდ მარტენსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ვილფრიდ მარტენსი ,,მიხეილ სააკაშვილის სიცრუის ტყვეობაშია’’.
,,მე ვფიქრობ, რომ მარტენსი ტყვეობაშია სააკაშვილის ტყუილების, სიცრუის. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მას რეალობას გავაცნობთ, ეს ჩემი დიდი სურვილია. ლამის სააკაშვილის სიტყვებს ხმარობს - წარსულის დაბრუნებას და კომუნისტებს. მე არ მინდა ვუპასუხო მას, რამდენადაც სააკაშვილი არის პროფესიონალი მატყუარა და მარტენსი მისი სიცრუის ტყვეობაშია. მოვახერხებთ, მას რეალობა ვაჩვენოთ"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბათუმში მიმდინარე მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაში - ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები’’ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.