საკვირაო ქადაგება

ილია II – არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ თვითონ არ გახდეს პატიმარი

დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ციხეებში პატიმრების მოპყრობის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ "ვრცელდება ხმები, თითქოს უხეშად ექცევიან ჩვენს პატიმრებს". უწმინდესმა დაგმო პატიმრებზე ყოველგვარი ძალადობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართა, პატიმრების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოიჩინონ. ილია II აქვე დასძინა, რომ "არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ თვითონ არ ჩავარდეს იგივე მდგომარეობაში და თვითონ გახდეს პატიმარი".

პატრიარქმა ქადაგებისას პატიმრების პრობლემებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ციხეში ბევრი ახალგაზრდა იხდის სასჯელს, რომლებმაც დანაშაული "საარსებო წყაროს" ძიების გამო ჩაიდინეს. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ "ციხეებში მყოფ ჩვენს შვილებს" და სთხოვა, არა მარტო იფიქრონ მათზე, არამედ ხშირად მოინახულონ ისინი.

საკვირაო ქადაგების ბოლოს პატრიარქმა ორი ქართული გვარი დალოცა.

გვარების დალოცვის რიტუალთან დაკავშირებით ილია II განცხადა: "თითქმის ყოველ კვირაში ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ჩემამდე მოვიდა ასეთი ამბავი, რომ ვიღაცები, საერო პირები ამ დალოცვაში ფულს ითხოვენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. არავითარი ფული, არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს გაღებული და ეს სრულიად უფასოდ უნდა ხდებოდეს. ასე რომ, ვინც გეტყვის, რომ ამისთვის ფულია საჭირო, ეს არ არის სწორი". 

კომენტარები