საქართველო–აშშ

ჯონ ბასმა საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა

აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოში თავისი სამწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ჯონ ბასმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში მომავალში უბრალო ტურისტად ჩამოვა და იმედი გამოთქვა, რომ აქ მეტად განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო დახვდება.

მისივე თქმით, must carry - ის პრინციპი ის სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც იძლევა საშუალებას, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს.

„იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება დაუთმონ კამპანიას და ერთმანეთთან კონკურენციას და არ გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი არ არის ლეგიტიმური და იდეალური. როგორც საქართველოში ვისურვებდით გაუმჯობესებულ გარემოს, ზუსტად ასევე შესაძლებელია აშშ-ში მოხდეს ვითარების გაუმჯობესება". – განაცხადა ჯონ ბასმა.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნულ მიღებზე გაიხსენა აგრეთვე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვები, სადაც ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე მეტად შესაძლებელია დემოკრატიის განვითარებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით და სამართლიან გარემოში ხელისუფლების გადაცემით.

აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებული მიღება ბოლო ოფიციალური ღონისძიებაა, რომელიც ჯონ ბასმა აშშ-ის ელჩის რანგში გამართა.

 

კომენტარები