საქართველო–აშშ

უცხოური მედია საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს გამოეხმაურა

უცხოური მედია საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტს და მის მიერ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

The Washington Post წერს, რომ აღნიშნული ვიზიტით შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ ოფოციალური განცხადება გააკეთა და სოლიდარობა გამოხატა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვებს.

გამოცემა წერს, რომ ჰილარი კლინტონმა შეაქო საქართველო, რომელსაც ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვითუნარიანობის მოდერნიზება „საერთო პრიორიტეტია“.

The Washington Post აღნიშნავს, რომ ამერიკის მთავარი დიპლომატი გარდა მთავრობის წევრებისა, შეხვდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ საქართველოს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდა. გამოცემა აგრეთვე წერს, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა ოპოზიციონერ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც Associated Press-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ის არ შეხვდება კლინტონს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშებთან“ ერთად.

ფრანგული გამოცემა Le Figaro აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების „თავისუფლად და სამართლიანად“ ჩატარებისთვის დემოკრატიული პროცედურების განმტკიცებისკენ მოუწოდა.

საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს გამოეხმაურა აგრეთვე Reuters. გამოცემა წერს, რომ აშშ–ს მთავარი დიპლომატის ვიზიტი ბათუმში, აყვავებულ ზღვისპირა ქალაქში შედგა, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი აპირებს ინვესტრებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბათუმში გამართული შეხვედრები ნაწილობრივ მიზნად იმას ისახავდა, რომ ხაზი გაესვა კონტრასტისთვის იზოლირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარებით.

 

კომენტარები