საქართველო–აშშ

ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" დაახლოებით 11.00 საათისთვის შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქრისიტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, კოალიცია ქართული ოცნებიდან - მანანა კობახიძე, თეა წულიკიანი და დავით უსუფაშვილი.

შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება, ჰილარი კლინტონის მხრიდან კომენტარის გაკეთება არ იგეგმება.

ქდმ-ის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციასა და წინასაარჩევნოდ არსებულ პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას. თაგრამაძის თქმით, კლინტონი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოსთვის და თქვა, რომ ნატო-ს მომავალი სამიტი უნდა იყოს გაფართოების სამიტი.

ახალი მემარჯვენეების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს სერიოზული საშუალებაა, როდესაც შეგიძლია შეხვდე სახელმწიფო მდივანს, რომ საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე ესაუბრო. ეს არის ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ქვეყნის პერსპექტივები, წინასაარჩევნო გარემო და უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან "ხელისუფლების არაადეკვატურობაზე" აპირებენ საუბარს, "რამაც ქვეყანას შესაძლოა პრობლემები შეუქმნას".

ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან გუშინ ჩამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ქართული დელეგაცია, ასევე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი დახვდნენ.

 

კომენტარები