ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის შედეგები

28 და 29 ივნისს საქართველოს 17 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 32 844 აბიტურიენტი გავიდა. პირველ გამოცდაზე სამმა აბიტურიენტმა დააგვიანა, 654 (2%) კი არ გამოცხადდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველმა გამოცდამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტი წელს 4 დავალებისაგან შედგება: ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე, მხატვრული ტექსტის გააზრება და წერითი დავალება. მათ შესასრულებლად აბიტურიენტებს 4 საათი ჰქონდათ.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 25%+1. ზღვარი 10%-ით მაღალია მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულაა 80.

საგამოცდო ტესტების ოთხივე ნიმუში გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ორშაბათიდან დაიდება. ნედლი ქულები აბიტურიენტებისთვის აგვისტოს პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი.

2, 3, 4 და 5 ივლისს გამოცდა უცხო ენებში ჩატარდება, 6 ივლისს - ლიტერატურაში, 9-10 ივლისს - ზოგადი უნარებში, 11 ივლისს - გეოგრაფიაში, 12 ივლისს - ფიზიკაში, 16 ივლისს - ისტორიაში, 17 ივლისს - მათემატიკაში, 18 ივლისს ბიოლოგიაში, აბიტურიენტები ბოლო გამოცდას 19 ივნისს ქიმიაში ჩააბარებენ.

ბოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.

 

კომენტარები