საფრანგეთი

დომინიკ სტროს-კანი მეუღლეს გაშორდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გაეხვა სხვადასხვა სექსუალურ სკანდალში, მეუღლეს გაშორდა. ფრანგული გამოცემა Closer - ის ინფორმაციით, სტოს-კანმა და მისმა ცოლმა, ტელეჟურნალისტმა ენ სინკლერმა ერთად 20 წელი იცხოვრეს.

გამოცემის ცნობით, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაშორდა და განქორწინების გაფორმებას ახლა აპირებს.  Closer - ი აღნიშნავს, რომ სტროს-კანს მეუღლემ მათ მფლობელობაში არსებული პარიზში მდებარე ბინიდან გადასვლა მოსთხოვა.

გამოცემის ცნობით, დაშორების ოფიციალური მიზეზები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ წყვილს შორის უთანხმოება სტროს-კანის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმეებმა გამოიწვია.

63 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად საფრანგეთში პროსტიტუციური ქსელის ორგანიზება ედება. გასულ წელს იგი ნიუ-იორკის სასტუმროში მომხდარ გაუპატიურებაში თანამონაწილეობისთვის დააპატიმრეს.

აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით დომინიკ სტროს-კანს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა მოუწია.

თავად სტროს-კანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდია და საპრეზიდენტო არჩევნებიდან მის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.

 

კომენტარები