ანგარიში

დავით ბაქრაძე NDI-ის ანგარიშს პოზიტიურად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში მაღალპროფესიონალურ დონეზეა შედგენილი და მასში ღირებული რეკომენდაციებია.

"ანგარიშში ერთი მხრივ, აღწერილია ყველა ის პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც 2008 წლის შემდეგ გადაიდგა იმ მიზნით, რომ 2012 წლის არჩევნები უფრო დემოკრატიულად და ორგანიზებულად ჩატარდეს; მეორე მხრივ, არის მთელი რიგი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კიდევ უფრო მეტად საარჩევნო გარემო და თვითონ არჩევნების მენეჯმენტიც", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, აუცილებლად მოხდება აღნიშნული დოკუმენტის შესწავლა და საქართველოს მთავრობა შეეცდება, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს NDI – სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოში აშშ - ის ელჩი ჯონ ბასიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აუცილებელია იმ დებულებების გათვალისწინება, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტშია მოყვანილი.

NDI-ის დელეგაციის მიერ საარჩევნო გარემოზე დაკვირვების შესახებ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში საუბარია საქართველოში პოლიტიკური პროცესის პოლარიზებაზე, მასში აღნიშნულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯებიც.

ანგარიში, ასევე, მოიცავს რეკომენდაციებს მთავრობის, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კონტროლის პალატისა და მედიისთვის.

 

კომენტარები