ანგარიში

გაეროს მომხსენებელმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე ანგარიში გამოაქვეყნა

გაეროში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციზე, 20 ივნისს გამოქვეყნდა.

”რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული მთავარი პრობლემები არის - არათანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფო რესურსებზე, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესაძლებლობები და მოქალაქეთა შეზღუდული უფლება აირჩიონ ანგარიშვალდებული ლიდერები.

გამოცემის ცნობით, მაინა კიაის ანგარიშში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის არის გამიზნული, სხვა საკითხებთან ერთად, გაკრიტიკებულია საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, ხაზგასმულია პრეტენზიები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან მიმართებით.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ის კონტროლის პალატის მიერ პიროვნებათა პოლიტიკური მიზნებით შევიწროების საბაბად იყოს გამოყენებული. მითითებულია, აგრეთვე, რომ საქართველოში პრობლემას წარმოადგენს მმართველი პარტიის როლის აღრევა ხელისუფლების როლთან, რასაც ადმინისტრაციული რესურსის არათანაბარი გამოყენების პრობლემასთან მივყავართ.

”რესურსების განაწილების თვალსაზრისით მკვეთრი განსხვავებები შეინიშნება როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მუდმივად ხელყოფილია უფლება გაერთიანების თავისუფლების კუთხით. ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა ეფექტიანად აირჩიონ ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ მათ ინტერესებს და არიან ანგარიშვალდებული.” - ნათქვამია გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში.

გაეროში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გამოეხმაურა კოალიცია ქართული ოცნება. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ანგარიშში საუბარია საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს, ოპოზიციის წევრთათვის შექმნილი დაბრკოლებების, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის არარსებობის შესახებ.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მისია საქართველოში ვიზიტით 2012 წლის 6-13 თებერვალს იმყოფებოდა.

 

კომენტარები