ანგარიში

NDI-ის დელეგაციამ წინასაარჩევნო ანგარიში წარადგინა

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო ანგარიში წარადგინა.

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია წინასაარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ინსტიტუტების შექმნას, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია და კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი. მისიამ ასევე პოზიტიურად შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა.

”საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და მედიისთვის ე.წ. Must carry ნორმების გათვალისწინებით 2012 წლის საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ფორმალიზებული და რეგულირებულია. საარჩევნო რეფორმის სხვადასხვა საფეხურზე პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო დიალოგსა და მოლაპარაკებების პროცესში, რასაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, ამ დრომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოს პარლამენტს Must carry-ის პრინციპის ვადების გახანგრძლივების რეკომენდაციით მიმართავს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ქვეყნის ცალკეული დემოკრატიული და ეკონომიკური მიღწევების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ისინი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით რეფორმებს ელიან.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავაც დგას უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევების წინაშე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის განვითარება დასავლეთთან ინტეგრაციის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამ მხრივ მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს", - ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დიალოგის თითქმის არარსებობის გამო.  მისიის წევრები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან პოლიტიკური ძალების მიერ ეთნიკური და სხვა უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით. NDI-ის წარმომადგენლები სოფელ მერეთში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოების ნდობის განმტკიცების მიზნით, პარლამენტსა და მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის არის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ვალდებულება.

დელეგაციას მიაჩნია, რომ პროცესის სამართლიანობის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის რამდენიმე მიმართულებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, მათ შორის პარტიების დაფინანსების, მედია-გარემოს, ამომრჩეველთა სიების სიზუსტის, კანონმდებლობის ზოგიერთი დებულებისა და მისი აღსრულების კუთხით, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდით, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისა და ქალთა წარმომადგენლობის გაზრდით.

მისიის დელეგაციის წევრები იყვნენ მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, ყოფილი კონგრესმენი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმღვანელი პერ ეკლუნდი, NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ომბუცმენთან, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიასთან, კონტროლის პალატასთან, უწყებათაშორის სააგენტოსთან, ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებთან, ეროვნული კომუნიკაციების კომისიასთან, ეროვნულ და ადგილობრვ მედიასთან. მომავალი თვიდან NDI გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას დაიწყებს.

 

კომენტარები