ანგარიში

საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების მაჩვენებლზე მაღალია

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ, ქართული ფარმაცევტული ბაზრის ახალი ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლზე მაღალია. ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო რედისონში გაიმართა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატი გამოიწვია ფარმაცევტულ ბაზარზე სამი დიდი კომპანიის ( ავერსი, PSP, GPC ) დომინირებამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებმა ქვეყნის ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს.

,,ხშირია, როდესაც ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული შეთავაზებებით, მათ შორის ფინანსურით. არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთი აფთიაქების თანამშრომლებს მითითებას აძლევენ, რომ გაყიდონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები და რეკლამა გაუწიონ მათ.’’-განაცხადა ეკა გიგაურმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ანგარიშში ასახულია რეკომენდაციები აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე გაღებული ხარჯების შემცირება შესაძლებელია აუცილებელი მედიკამენტების სიის შემოღებისა და მათი დანიშვნის შესაბამისი წესების სათანადოდ შესრულების გზით.

უახლოეს მომავალში ორგანიზაცია კიდევ ორ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომლებიც ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორებს შეეხება. 

კომენტარები