სექტემბერში საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბარამიძის თქმით, “რასმუსენის ვიზიტი დასტურია იმისა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა მყარდება და მტკიცდება”.
ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, იგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს ოპტიმისტურად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით, ამისთვის საქართველოში რეფომრების კურსის გაგრძელება, როგორც თავდაცვის, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით აუცილებელია.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში დღეს ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს. დღესვე ვერშბოუს შეხვედრა ექნება თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტში, რის შემდეგაც ის ოპოზიციას შეხვდება. ხვალ ვერშბოუ ბათუმში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას.





