საქართველო-აშშ

ჯონ ბასი: აშშ-ის მთავრობა საქართველოში კონკრეტულ პირს და პარტიას არ უჭერს მხარს

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა დღეს არჩევნების თემასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ - ის მთავრობა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პერიოდში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს. ელჩის თქმით, აშშ ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში ემხრობა.

”დახმარების პროგრამები, რომელთაც აშშ - ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიო საკუთარი მომავალი". – განაცხადა ჯონ ბასმა.

ელჩის განმარტებით, უმთავრესი ამოცანაა, ხალხს ჰქონდეს გაზრდილი ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი. მისივე თქმით, აშშ ელის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ძალადობისა და ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება.

ჯონ ბასს კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტების, მათ შორის,  ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებისა და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის დიდი ხანია, საქართველოშია იმისთვის, რომ ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავების დანახვა შეძლოს.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა Must carry - ის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მნიშვნელოვან, კონსტრუქციულ და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. 

 

კომენტარები