ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართულ ოცნებაში შემავალ პარტიებს ორ მილიონ ლარზე მეტი დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს 2 383 097 ლარის ჯარიმა დააკისრა. კოალიციის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას 48 საათის ვადაში სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

კონტროლის პალატამ ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს მენეჯმენტ სერვისმა საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია ქართული ოცნების საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება, კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები – რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, კონსერვატიული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

"რა თქმა უნდა, ჯარიმას არ გადავიხდით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონოა, მაგრამ ვერც გადავიხდით იმიტომ, რომ საუბარია ისეთ ფინანსურ რესურსზე, რომელიც ჩვენს პარტიებს არ გააჩნია", - აღნიშნა კოალიციისა და რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები