გლობალ TV

პროკურატურამ გლობალ TV-ის კუთვნილი 300 ათასზე მეტი ანტენა დააყადაღა

პროკურატურის მიერ გლობალ TV - ის კუთვნილი ანტენების დააყადაღების პროცესი უკვე დასრულდა ელიტა ბურჯისა და ციცინათელას ტერიტორიებზე, ასევე, კომპანიის ლანჩხუთის, თელავისა და სამტრედიის საწყობებში. გავრცელებული ცნობით, დააყადაღებულია 300 ათასზე მეტი ანტენა.

გლობალ TV - ის დირექტორის, ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, დაყადაღებული ანტენების დათვლის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მისივე თქმით, ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე დაყადაღების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

 

კომენტარები