ბიძინა ივანიშვილისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს 17:00 საათზე ამოიწურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილებებით, ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთლიანობაში 148 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდა. საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს ჯარიმის თანხა გაანახევრა.
როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, ქართული ოცნების ლიდერი ჯარიმის ნებაყოფლობით დაფარვას არ აპირებს.
ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის აღსრულების ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ მიუღია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ლილუაშვილმა განუცხადა .
კონტროლის პალატას ვადის ამოწურვის შემდეგ პროცედურულად აღსრულების ფურცელი სასამართლოსთვის უნდა გადაეგზავნა. სასამართლოს კი, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მიეცემა გონივრული ვადა, რათა ჯარიმა დაფაროს. თუ ჯარიმის თანხის გადახდა მაინც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო დაიწყებს იძულებითი ღონისძიებების განსაზღვრას ჯარიმის დაფარვის მიზნით.