Global TV

ბიძინა ივანიშვილი ალექსანდრე რონჟესის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხულოს რაიონის სოფელ სხლათის მოსახლეობასთან შეხვედრისას თბილისის აეროპორტში "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილის, ალექსანდრე რონჟესის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„ცუდია ადამიანის დაკავება და შეურაცხყოფა, ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს იმის გამო, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს.“ – განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უხეშად უპასუხა "როიტერის" შეკითხვას და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

"ეს არის აგონია და შოკში არიან, ამერიკელი მოქალაქეების დაკავება დაიწყეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ამავდროულად ეს არის კარგი, რადგან აჩვენეს საკუთარი სახე, რომ არიან მოძალადეები და არავის არ უწევენ ანგარიშს. ბოდიში გაგვიხდება მოსახდელი ამერიკელებისთვის, ძალიან უხერხულია ის, რაც მოხდა, ძალიან განვიცდი. რაც ჩვენი მონაპოვარია და ძალიან კარგია, არის ის, რომ ყველაზე დიდი და ძლიერ სახელმწიფოს აქვს ჩვენთან მეგობრული დამოკიდებულება და ამ ურთიერთობას გაფრთხილება უნდა. ვერ მოასწრებენ ამ ურთიერთობის გაფუჭებას", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალესანდრე რონჟესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ალექსანდრე რონჟესი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.

 

კომენტარები