Global TV

გლობალ ტვ-ის საქართველოს მასშტაბით ყველა სატელიტური ანტენის დემონტაჟი მოუწევს

კომპანია გლობალ ტვ-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”გლობალ ტვ”-ის უცხოელმა მეწილემ ალექსანდრე რონჟესმა განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრათ, რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისა და "იმედის" მიერ მარტში შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

"2012 წლის მარტში "რუსთავი-2"-ის, "ახალი არხის", "მზის", "საქართველოსგან" მივიღეთ წერილი, რომ შეგვეწყვიტა მათი სიგნალის ტრანსლირება", მოგვიანებით, "რუსთავი-2"-მა და "იმედმა" უკვე სასამართლოს მიმართეს, რომ "გლობალ ტვ"-ის ნებისმიერი სახის ტრანსლირება უნდა შეეწყვიტა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მისი გადაწყვეტილების შესასრულებლად ჩვენ ყველა სატელიტის ჩამოხსნა მოგვიწევს, რაც კი საქართველოს ტერიტორიაზეა დამონტაჟებული", - განაცხადა "გლობალ ტვ"-ის უცხოელმა მეწილემ. მისივე შეფასებით, ეს კომპანიის დახურვის ტოლფასი იქნება.

"მე-9 არხის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, რომელიც აგრეთვე, ესწრებოდა პრესკონფერენციას, "გლობალ ტვ"-ის მიერ სატელიტური ანტენების დემონტაჟი ტელეკომპანია "მე-9 არხისთვის" სერიოზული დანაკლისი იქნება.

"გლობალ ტვ" დღეისთვის ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელმაც "მე-9 არხი" თავის პაკეტში ჩართო. თუმცა, "მე-9 არხი" სატელიტის მაშვეობითაც მაუწყებლობს და ყველას, ვისაც სატელიტური თეფში და მიმღები აქვს, შეუძლია მისი დაჭერა.” - აღნიშნა ბექაურმა.

 

კომენტარები