Global TV

ალექსანდრე რონჟესი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იკითხება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე რონჟესი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს "ლიზინგი 21"-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.

ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ კომპანია "გლობალ ტვ"-ის ამერიკელ მეწილესთან ადვოკატები ლილი გელაშვილი და არჩილ კბილაშვილი შევიდნენ. მათ დაკავებულის ნახვის საშუალება რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ეძლეოდათ.

გავრცელებული ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები აეროპორტში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელსაც ელოდებიან.

"გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალესანდრე რონჟესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დააკავეს. გავრცელებული ცნობით, იგი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი აშშ-ში გამგზავრებას აპირებდა. 

 

კომენტარები