საფრანგეთი

როგორ გახდა ლონდონი ფრანგებით დასახლებული მე-6 უდიდესი ქალაქი

ვალდეკ რუსო

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა უმუშევრობა იყო. 5 წლის წინ, როცა სარკოზიმ ჟაკ შირაკისგან პრეზიდენტის პოსტი გადაიბარა, უმუშევრობის დონე 7.9%-ს არ სცდებოდა, მაშინ როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი დაახლოებით 7.3% იყო. სარკოზის პრეზიდენტობის პირველ წელს საფრანგეთში ეს რიცხვი დიდად არ შეცვლილა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად კი უმუშევრობის დონემ 10%-ს მიაღწია.

უმუშევრობის გამომწვევი მიზეზების განხილვისას ეკონომისტები ძირითადად საფრანგეთის შრომის კანონმდებლობას უთმობენ ყურადღებას. Code du Travail, რომელიც 3200 გვერდისგან შედგება და 102-წლიან ისტორიას ითვლის, არეგულირებს ყველაფერს – სამუშაოს კლასიფიკაციით დაწყებული, თანამშრომლების გათავისუფლების პირობებით დამთავრებული.

შრომის პირველი კანონი საფრანგეთში 1884 წელს მიიღეს ვალდეკ რუსოს ინიციატივით. 1938 წელს ამოქმედდა კანონი 12-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების შესახებ. 1968 წლის გრენობლის შეთანხმებით, კვირის სამუშაო საათები 44-მდე შემცირდა და ყველა საწარმოში შეიქმნა პროფკავშირები. შრომის კოდექსის არსებული სახით ჩამოყალიბებაში კი სოციალისტ ლიონელ ჟოსპენის მთავრობას მიუძღვის დიდი წვლილი – სწორედ 90-იანი წლების ბოლოს შევიდა კოდექსში მნიშვნელოვანი შესწორებები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სამუშაო კვირა 35 საათამდე შემცირდა.

ამ ცვლილების ავტორი მაშინდელი სოციალურ საქმეთა მინისტრი, მარტინ ობრი იყო. აღსანიშნავია, რომ ობრი, რომელიც 2001 წლიდან ლილის მერი, ხოლო 2008 წლიდან საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პირველი მდივანია, ოლანდის მიერ ფორმირებულ მთავრობის ახალ გუნდში ვერ მოხვდა. პოლიტიკური მიმომხილველები ამის მიზეზად ობრის ულტრამემარცხენე შეხედულებებს ასახელებენ – წინასაარჩევნო კამპანიისას ის არაერთხელ დაუპირისპირდა ოლანდს „რბილი მემარცხენე” პოზიციის გამო. შედეგად, ინვესტორები რომ არ დაეფრთხო, პრემიერმინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა ნანტის მერი, ნაკლებად ცნობილი ჟან-მარკ ეირო შეარჩია, სხვა თანამდებობა კი მარტინ ობრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი.

Heritage Foundation-ის 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში აღნიშნულია, რომ „საფრანგეთის შრომის ბაზარი დამძიმებულია მკაცრი რეგულაციებით, რის გამოც მას დასაქმების ეფექტური ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს. დასაქმებულთა დაცვის სახელით, კოდექსი ხელს უწყობს უმუშევრობის ზრდას...” ამავე კვლევაზე დაყრდნობით, შრომის თავისუფლების მიხედვით საფრანგეთი მსოფლიოში 125-ე ადგილზეა.

იმის გამო, რომ მკაცრად რეგულირდება სამსახურიდან დათხოვნის საკითხი, კომპანიები ფრთხილობენ ახალი კადრების მიღებისას. დასაქმება განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდებისთვის. ამიტომ ფრანგები ემიგრაციაში მიდიან ისეთ სახელმწიფოებში, სადაც შრომის კანონმდებლობა უფრო ლიბერალურია, შესაბამისად, სამსახურის შოვნა – უფრო ადვილი. ფრანგებით დასახლებული სიდიდით მეექვსე ქალაქი ლონდონი გამოდის. BBC-ის მონაცემებით, აქ გაცილებით მეტი ფრანგი ცხოვრობს, ვიდრე სტრასბურგში, ბორდოში ან ნანტში – დაახლოებით 400 ათასი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-2012 წლის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის კვლევაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში ბიზნესის წარმოებისთვის მთავარ დაბრკოლებებს შორის პირველ ადგილზეა შემზღუდველი შრომითი რეგულაციები.

რეგულაციები, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ მუტაციებს წარმოშობს. მაგალითად, საფრანგეთის შრომის კოდექსი ავალდებულებს ყველა კომპანიას, რომელსაც საფრანგეთში სულ მცირე 50 თანამშრომელი ჰყავს, შექმნას მუშათა საბჭოები, რომელთაც რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეუთანხმოს, „პერიოდულად მოუწყოს შეხვედრები მუშებთან”... ზემოაღნიშნულისგან თავის არიდების მიზნით, მეწარმეების ნაწილი, არსებული კომპანიის გაფართოების ნაცვლად, ახალ კომპანიას აარსებს, მეორე ნაწილს კი კაპიტალი საფრანგეთის „ახლო საზღვარგარეთში”, ტუნისში, ბულგარეთში, რუმინეთში გააქვს. 2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 1500 კომპანიას ჰყავს 48 თანამშრომელი, 1600 კომპანიას – 49, და მხოლოდ 660-ს – 50.

ბოლო წლებში საფრანგეთმა უფრო მეტი სამრეწველო სამუშაო ადგილი დაკარგა, ვიდრე რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ.

 

კომენტარები