ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. რვა ივნისს გამართული მეოცე რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებებში პროგრესი არ აღნიშნულა.
მე-20 რაუნდის შემდგომ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის, როგორც დაძაბულობის განმუხტვისა და არსებული პრობლემების მოგვარების ღირებული ინსტრუმენტის, ეფექტიანი ფუნქციონირების გაგრძელების საჭიროება.
აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ყოველთვიური შეხვედრა, რომელიც გალში იმართებოდა ხოლმე, მარტის შემდგომ არ ჩატარებულა. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ შეხვედრების მონაწილე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი არასასურველ პირად გამოაცხადეს. ამ შეხვედრების შეწყვეტის გამო შეშფოთება გამოთქვა მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემაც.
გაეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გალში დეკემბრის შემდგომ არაერთ სერიოზულ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი, რასაც ათი ადამიანის, მათ შორის სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.
მე-20 რაუნდზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი კვლავ ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები იყო. ქართული მხარის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის დაგეგმილი სამხედრო წვრთნების, კავკაზ 2012-ის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომ რუსეთმაც აიღოს ძალის გამოუყენებლობის პირობა, მსგავსად საქართველოსა, რასაც რუსეთი არ თანხმდება.
7 ივნისს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს საერთაშორისო ექსპერტებმა საინფორმაციო შეხვედრაზე „ოკუპაციის კონცეფციის სამართლებრივ ასპექტებზე“ ინფორმაციაც მიაწოდეს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ შეხვედრამ კვლავ დაადასტურა, რომ რუსებს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ. თავის მხრივ, რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ამის სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს.
მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდის შემდეგ აფხაზურმა და ოსურმა მხარემ განცხადება გაავრცელეს ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ისინი ეწინააღმდეგებიან აშშ-სა და ევროკავშირის რიგი ქვეყნების მიერ "თბილისის მიერ თავმოხვეული" ნეიტრალური დოკუმენტების აღიარებას.




