ფეხბურთი

ევრო 2012: D ჯგუფი


უკრაინა ფიფას რეიტინგი – 50 

პირველი საერთაშორისო მატჩი: 29.04.1992 უნგრეთი – 1:3
ყველაზე დიდი გამარჯვება: 15.08.2005 აზერბაიჯანი და 14.10.2009 ანდორა – 6:0
ყველაზე დიდი მარცხი: 25.03.1995 ხორვატია, 14.06.2006 ესპანეთი და 06.09.2011 ჩეხეთი – 0:4
ყველაზე მეტი თამაში: ანატოლი ტიმოშჩუკი – 114
ყველაზე მეტი გოლი: ანდრეი შევჩენკო – 46

უკრაინის ნაკრებმა დიდ საფეხბურთო ტურნირზე ერთადერთხელ, 2006 წელს ითამაშა: გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა.

უკრაინა პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს და მოლოდინი დიდია: გულშემატკივრებს საყვარელი ნაკრების საუკეთესოთა შორის ხილვა სურთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოლეგ ბლოხინის გუნდი ბოლო მატჩებში დაუმარცხებელია, უნდა ვივარაუდოთ: ლურჯ-ყვითლები რთულ ჯგუფში სიურპრიზს შემოგვთავაზებენ.

შარშან, 6 სექტემბერს ჩეხებთან 0:4 განადგურების შემდეგ უკრაინელებმა წაუგებელი სერია დაიწყეს: ზედიზედ სძლიეს ბულგარეთს და ესტონეთს, ფრედ ითამაშეს ბუნდესნაკრებთან და კვლავ მოიგეს – ლვოვში ავსტრიასთან და პეტაჰტიკვაში ისრაელთან.

11 ივნისს, შვედეთთან ჯგუფის პირველ მატჩამდე უკრაინელებს ერთადერთი ამხანაგური დარჩათ – ხვალ, 5 ივნისს, გერმანიის ქალაქ აუგსბურგში თურქეთს გაეჯიბრებიან.

მწვრთნელი
ოლეგ ბლოხინი

უკრაინული და საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა 59 წლისაა და მეორედ ხელმძღვანელობს ქვეყნის მთავარ გუნდს. 2003-2007 წლებში ბლოხინის გაწვრთნილმა უკრაინამ 46 მატჩიდან 21 მოიგო, 2006 წელს კი მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა.

ბლოხინი უკრაინის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 1975 წელს ის გახდა პირველი უკრაინელი, ვინც ევროპის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელეს. ლეგენდარული ფორვარდი სსრკ-ს ჩემპიონატების უამრავი რეკორდის მფლობელია: არავის უთამაშია მასზე მეტი მატჩი და ვერც გოლებით სჯობნის ვინმე.

1972-1981 წლებში 9-ჯერ გახდა უკრაინის ნომერი პირველი ფეხბურთელი.


ვარსკვლავი
ანატოლი ტიმოშჩუკი

ბოლო წლების ყველაზე სტაბილური უკრაინელი ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი შევჩენკო მასზე პოპულარულია, ანატოლი ტიმოშჩუკი დღეს უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე კიევის დინამოს ფორვარდი.

33 წლის ნახევარმცველი მეოთხე წელია მიუნხენის ბაიერნის მაისურით თამაშობს: 107 ოფიციალურ მატჩში 5 გოლი გაიტანა. ბავარიულ კლუბთან ერთად ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში: 2010 წელს და ახლახან, მიუნხენში.

ბაიერნამდე იყო მშობლიური ლუცკის ვოლინი, შესანიშნავი წლები დონეცკის შახტარში და მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგის ზენიტი, სადაც ტიმოშჩუკმა უეფას და ევროპის სუპერთასები კაპიტნის სამკლავურით ჩაიბარა.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 8

დაცვა – 7

ნახევარდაცვა – 8

თავდასხმა – 7

ჯამი: 30

შვედეთი ფიფას რეიტინგი – 17

პირველი საერთაშორისო მატჩი: 12.07.1908 ნორვეგია – 8:3
ყველაზე დიდი გამარჯვება: 20.05.1927 ლატვია და 05.08.1948 კორეა – 12:0
ყველაზე დიდი მარცხი: 20.10.1908 დიდი ბრიტანეთი – 1:12
ყველაზე მეტი თამაში: თომას რაველი – 143
ყველაზე მეტი გოლი: სვენ რიდელი – 49

შვედეთი ევროპირველობაზე მეხუთედ ითამაშებს. 1992 წელს, როცა ქვეყანამ ტურნირს უმასპინძლა, ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა – ნახევარფინალამდე მიაღწია.

შვედეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა – მხოლოდ ჰოლანდიას ჩამორჩა, მაგრამ ფლეი-ოფს მაინც აცდა: როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი, პირდაპირ მიიღო პოლონეთ-უკრაინის საგზური.

მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა ნაკრების კანდიდატები იანვარში, ყატარში ჩატარებულ ამხანაგურ ორ შეხვედრაში შეამოწმა. შვედებმა ბაჰრეინს 2:0 აჯობეს, მასპინძელთა ოლიმპიური ნაკრები კი 5:0 გაანადგურეს. მომდევნო ამხანაგური თამაშები, ხორვატიასთან და ისლანდიასთან, მწვრთნელებმა ასევე გუნდის ბირთვის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენეს. ხვალ, 5 ივნისს სკანდინავიელები სტოკჰოლმში სერბებს უმასპინძლებენ და ამით დაასრულებენ ევრო 2012-თვის მზადებას.


მწვრთნელი
ერიკ ჰამრენი

შვედეთის საფეხბურთო ასოციაციამ ჰამრენს კონტრაქტი ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა, როცა ის ნორვეგიის ბოლო წლების საუკეთესო კლუბს, ტრონჰეიმის რუსენბორგს წვრთნიდა.

ხელშეკრულება 2009 წლის ნოემბერში გაფორმდა და 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჰამრენი პარალელურად ორ გუნდში მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობით რუსენბორგმა 2009 და 2010 წლებში ჩემპიონატი მოიგო, ნაკრები კი პოლონეთ-უკრაინის საგზურს დაეუფლა.

54 წლის ერიკ ჰამრენი 2008 წელს დანიაში, ხოლო 2009 წელს ნორვეგიაში დაასახელეს წლის მწვრთნელად.

ვარსკვლავი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ბოსნიელი მამის და ხორვატი დედის შვილი შვედეთში დაიბადა. მას სამივე ქვეყნის ნაკრებში თამაში შეეძლო, საბოლოოდ კი სამშობლოს პირველი გუნდი არჩია.

ევრო 2012 მის კარიერაში მესამე ევროპირველობაა: 2004 წელს პორტუგალიაში, ხოლო 2008 წელს ავსტრია-შვეიცარიაში მან 2-2 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ჰოლანდიის, იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატები საერთო ჯამში 9-ჯერ მოიგო, 6-ჯერ დაასახელეს შვედეთის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის 2007-2011 წლებში ზედიზედ.

რამდენიმე წლის წინ მან სახელი ზლატანი სავაჭრო ნიშნად დაარეგისტრირა. შვედეთის ნაკრების კაპიტნის კომპანია სპორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს აწარმოებს.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 7

დაცვა – 8

ნახევარდაცვა – 8

თავდასხმა – 9

ჯამი: 32


საფრანგეთი ფიფას რეიტინგი – 16

პირველი საერთაშორისო მატჩი: 01.05.1904 ბელგია – 1:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 06.10.1995 აზერბაიჯანი – 10:0
ყველაზე დიდი მარცხი: 22.10.1908 დანია – 1:17
ყველაზე მეტი თამაში: ლილიან ტურამი – 142
ყველაზე მეტი გოლი: ტიერი ანრი – 51

საფრანგეთმა ორჯერ უმასპინძლა ევროპირველობას – 1960 წელს გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა, 1984–ში კი ჩემპიონი გახდა. ფრანგებმა ტრიუმფი 2000 წელსაც გაიმეორეს. ცნობილია, რომ 2016 წელს ტურნირს კვლავ საფრანგეთი მიიღებს.

შესარჩევ ეტაპზე ლორან ბლანის გუნდი სტარტზევე დამარცხდა – სტად დე ფრანსზე ბელარუსთან წააგო 0:1, თუმცა მომდევნო 9 ოფიციალური მატჩი წაუგებლად განვლო და პირველ ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ ბელარუსთან წაგების შემდეგ „მამლები” აღარ შერცხვენილან: თებერვალში, გერმანიასთან სტუმრად 2:1 მოგება ბრწყინვალე სერიის მე-18 მატჩი იყო.

საფრანგეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, ფეხბურთელთა უმეტესობა კი კარიერის პიკს უახლოვდება. დღევანდელ შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ფლორენ მალუდაა, ვის ანგარიშზეც 80-მდე მატჩია. რაც შეეხება გუნდის ბომბარდირს, ასეთი მადრიდის რეალის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახლავთ.

მწვრთნელი
ლორან ბლანი

46 წლის სპეციალისტი 2006 წელს ფრანს ფუტბოლის მკითხველებმა საფრანგეთის ყველა დროის მეოთხე ფეხბურთელად დაასახელეს მიშელ პლატინის, ზინედინ ზიდანის და რაიმონ კოპას შემდეგ. მარსელელმა ქომაგებმა მას მეტსახელად პრეზიდენტიც უწოდეს...

ქვეყნის პირველ გუნდთან ერთად ბლანმა ორივე მთავარი ტიტული მოიგო: 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2000-ში კი ევროპის.

2007-2010 წლებში ის ბორდოს წვრთნიდა: თითოჯერ მოიგო ჩემპიონატი და ლიგის თასი, ორჯერ – სუპერთასი.

1998 წლის 28 ივნისს, პარაგვაისთან მერვედფინალში ბლანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ოქროს გოლი გაიტანა – 1:0.

ვარსკვლავი
ქარიმ ბენზემა

გუნდის ნომერ პირველმა ფორვარდმა მესამე სეზონი გაასრულა მადრიდის რეალში და პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2011-12 წლებში ბენზემამ 52 მადრიდულ მატჩში 32 გოლი შეაგდო – ეს მისი პირადი რეკორდია.

2004 წელს ის საფრანგეთის 17-წლამდელებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი, ლიონის მაისურით კი 2005-2008 წლებში ზედიზედ ოთხჯერ მოიგო საფრანგეთის პირველობა.

ეროვნულ გუნდში ერთადერთხელ გაიტანა გოლზე მეტი: 2007 წლის 13 ოქტომბერს ფარერებზე დუბლი შეასრულა.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 8

დაცვა – 9

ნახევარდაცვა – 9

თავდასხმა – 9

ჯამი: 35

ინგლისი ფიფას რეიტინგი – 7

პირველი საერთაშორისო მატჩი: 30.11.1872 შოტლანდია – 0:0
ყველაზე დიდი გამარჯვება: 18.02.1882 ირლანდია – 13:0
ყველაზე დიდი მარცხი: 23.05.1954 უნგრეთი – 1:7
ყველაზე მეტი თამაში: პიტერ შილტონი – 125
ყველაზე მეტი გოლი: ბობი ჩარლტონი – 49

უცნაურია, მაგრამ ფეხბურთის სამშობლო არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონი: 1968 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ევროპირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა, 1996 წელს კი, როცა ტურნირს უმასპინძლა, ნახევარფინალში დამარცხდა.

ნაკრებმა 899 საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა. 11 ივნისს, დონეცკში, დონბას არენაზე ფრანგების წინააღმდეგ ინგლისის მთავარი გუნდი საიუბილეო, მეცხრაასე მატჩს გამართავს.

საგულისხმოა, რომ ისტორიაში მე-2000 გოლი გუნდმა 29 თებერვალს, უემბლიზე ჰოლანდიასთან 2:3 წაგებულ მატჩში შეაგდო.

საკვალიფიკაციო ტურნირი ინგლისელებმა წაუგებლად დაასრულეს: ფაბიო კაპელოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა. იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან მოულოდნელად წავიდა: წლის დასაწყისში საფეხბურთო ასოციაციასთან უთანხმოების გამო დატოვა თანამდებობა.

ჰოლანდიასთან მატჩში ნაკრებს სტიუარტ პირსმა უხელმძღვანელა, მაისში კი როი ჰოჯსონი ოფიციალურად დამტკიცდა მთავარ მწვრთნელად.

მწვრთნელი
როი ჰოჯსონი

64 წლის სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობით ინტერმა და ფულემმა სხვადასხვა დროს ორჯერ დათმეს უეფას თასის ფინალები, მთავარ მწვრთნელად 1 მაისს დაინიშნა, 14 მაისიდან კი საქმიანობა დაიწყო.

19 მაისს ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ევრო 2012-ზე გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი იქნება, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა და თქვა, რომ რიო ფერდინანდს ჯონ ტერისთან კონფლიქტის გამო არ დაუძახა.

ვეტერანი მწვრთნელი ორი ვაჟის მამაა, კარიერის გადამკიდემ კი ჩინებულად ისწავლა ნორვეგიული, შვედური, ფინური, დანიური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.

ვარსკვლავი
უეინ რუნი

2011 წლის 7 ოქტომბერს, შესარჩევის უკანასკნელ ტურში რუნი მონტენეგროსთან მატჩში გააძევეს, უეფამ კი უსაქციელობა არ აპატია და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. საფეხბურთო ასოციაციამ განაჩენი გააპროტესტა და უეფამაც სასჯელი თამაშით შეამცირა: მანჩესტერელთა თავდამსხმელი საფრანგეთთან და შვედეთთან თამაშებს გამოტოვებს და მხოლოდ უკრაინასთან შეხვედრაში დაბრუნდება.

ევრო 2012 26 წლის ფორვარდისთვის მეორე ევროპირველობაა: 2004 წელს, პორტუგალიაში, მან პირველად გაიბრწყინა – შვეიცარიასთან და ხორვატიასთან 2-2 გოლი გაიტანა. საერთოდ, ქვეყნის პირველ გუნდში მის ანგარიშზე 8 დუბლია.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 8

დაცვა – 8

ნახევარდაცვა – 10

თავდასხმა – 9

ჯამი: 35

 

 

 

 

 

კომენტარები