ოკუპირებული ტერიტორიები

ამერიკის საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ

აშშ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისათვის გაცემულ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს აღიარებს.  განცხადება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს ბათუმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”მალე ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს, ნებისმიერი რეზიდენტისთვის ამ რეგიონებში, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ის გამოიყენონ შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ. ეს იქნება ნაწილი იმ შერიგებისა, რომელიც გათვალისწინებულია (კონფლიქტის) მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარებით", - განაცხადა  აშშ-ის სახლმწიფო მდივანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა  აშშ-ის ეს გადაწყვეტილება  "წარმოუდგენელ დიპლომატიურ მხარადაჭერად" შეაფასა.
როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ, იძულებით არ აიღონ რუსული დოკუმენტები და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით მთელ მსოფლიოში იმოგზაურონ. პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესს წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც ეკა ტყეშელაშვილის უწყებამ ჩაატარა.

სტატუსნეიტრალური დოკუმენტები  საქართველომ საგანგებოდ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისათვის შემოიღო. დოკუმენტებში არ არის მითითებული მისი მფლობელის მოქალაქეობა, თუმცა აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არის გაცემული. 

სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემოღებას გმობენ და მათი რეგიონების "იზოლაციისკენ“ გადადგმულ ნაბიჯებად აფასებენ. 

25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა „რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკას, ლიტვას სტატუსნეიტრალური დუკუმენტების აღიარებისთვის.”

  

კომენტარები